2022-2023 სასწავლო წელი N6 საჯარო სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის 60 წლისთავი აღინიშნება.
წლის დასაწყისში სკოლამ იუბილე საზეიმო ვითარებაში, ემოციებით სავსე გარემოში აღნიშნა. ღონისძიება მიეძღვნა სკოლის კურსდამთავრებულებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს.
სკოლას ესტუმრნენ კურსდამთავრებულები თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის პირველი გამოშვების მოსწავლეებიც. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები. ამავე დღეს გაიხსნა სკოლის მოკლე ისტორიის შესახებ შექმნილი სტენდი და ფოტო არქივი კედელზე, რომელზეც წარმოდგენილია სკოლისა და კურსდამთავრებულების წარმატებები.
კურსდამთავრებულები გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მომავალ თაობას სხვადასხვა თემაზე და გაუზიარეს მათ საკუთარი გამოცდილება.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში სტუმრებისთვის მოაწყვეს ფლეშმობი, სააქტო დარბაზში კი გაიმართა ღონისძიება, რომელიც დამშვენდა სკოლის მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით.
საღამო სავსე იყო გულწრფელი თბილი დამოკიდებულებებით პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის, რთული იყო ემოციების შეკავება მათთვის. საღამო დაამშვენა მოგონებებმა და გულღია საუბრებმა.
სკოლის ეზოში გაიხსნა კურსდამთავრებულის, ბატონ არსენ გვენეტაძის მიერ შექმნილი მეტალის ქანდაკება ,,მადლიერება“, რომელიც გამოხატავს მშობლიური სკოლისა და პედაგოგების მიმართ მადლიერებას.
სკოლის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კურსდამთავრებულ მარიამ მაჭავარიანის ინიციატივითა და დახმარებით გამოიცა გაზეთი ,,ერქვანის“ საიუბილეო ნომერი.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა წიგნის სახით ბროშურა, რომელშიც სკოლის ისტორიაა აღწერილი დაარსებიდან დღემდე, რომლის ინიციატორი და იდეის ავტორიც იყო N6 საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი შოთა ჯინჯიხაძე.