ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმული პროექტში ,,ტყიბულის ახალგაზრდული იდეა“ და აერთიანებენ მათ თემს პრობლემების აღმოსაფხვრელად.
პროექტზე დაწვრილებით ინფორმაციის მოსაპოვებლად გავესაუბრეთ ნუცა ქასრაშვილს, ნინი დიდებაშვილსა და თეკლა გიორგაძეს მათ მოხალისეობრივ საქმიანობასა და მიზნებზე:
- ზოგადად რა არის ,,ახალგაზრდული იდეა“, რა არის ამ პროგრამის მიზანი, ნუცა?
- ,,ახალგაზრდული იდეა“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ მონაწილეობა საკუთარი ქალაქის გაუმჯობესებასა და პრობლემების აღმოფხვრაში. აღმოაჩინონ პრობლემები და იმუშაონ მათ მოგვარებაზე. პრობლემა შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის. ჯგუფური მუშაობისა და განხილვის შემდეგ კი შეთანხმდნენ და დაგეგმონ სამომავლო აქტივობები თემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დაგეგმილ აქტივობებს პროექტის სახით აფინანსებს ,,ახალგაზრდული იდეა“ და მოხალისეებს ევალებათ მათი პროექტის გაკონტროლება, განხორციელება.
- ვინ არის ამ პროგრამის, პროექტის ინიციატორი, ნინი?
- ,,ახალგაზრდულ იდეას“ აფინანსებს ევროპის ფონდი და შესაბამისად, დაგეგმილი პროექტებიც მათი მხარდაჭერით ხორციელდება.
- რამდენად დიდ მასშტაბებს აღწევს ,,ახალგაზრდული იდეა“, თეკლა?
- ,,ახალგაზრდული იდეა“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს მოხალისეების დახმარებითა და ინიციატივით, მასში ჩაბმულია, როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ქვეყნებიც და გვიხარია, რომ მათ შორის საქართველოც მოხვდა.
- რას ითვალისწინებს უშუალოდ თქვენი პროექტი ,,ტყიბულის ახალგაზრდული იდეა“, ნინი?
- ჩვენი პროექტი საშუალებას აძლევს ტყიბულელ ახალგაზრდებს 15-დან 24 წლამდე აღმოაჩინონ თემის პრობლემები და დაწერონ პროექტი თუ როგორ შეძლებენ ამ პრობლემების მოგვარებას. პირველ რიგში, ჩავატარეთ გამოკითხვა, შედგენილი კითხვარი შეავსო 100-მა რესპოდენტმა და გამოვავლინეთ ყველაზე მთავარი 3 პრობლემა: ბულინგი, ნარჩენების მართვა, ბავშვთა უფლებები. შესაბამისად, მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაეწერათ პროქტები ამ სამ თემასთან დაკავშირებით, გაეწერათ ბიუჯეტი და გამარჯვების შემთხვევაში, მოეპოვათ დაფინანსება 960 ლარის ოდენობით.
- პროექტების მიღების ვადა ამოიწურა, თეკლა?
- საგრანტო კონკურსი გამოცხადდა 2022 წლის დეკემბერში და პროექტების მიღების ვადა ამოიწურა 2023 წლის 7 თებერვალს.
- რას ეტყოდით აპლიკანტებს, ნუცა?
- ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, რომ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანონ თემის განვითარებაში. ამიტომაც, მოვუწოდებდი ყველას, მიიღონ მონაწილეობა მომავალში გამოცხადებულ პროექტებსა და პროგრამებში.
- ვის და როგორ შეუძლია გახდეს მოხალისე ,,ახალგაზრდულ იდეაში“, ნინი?
- ნებისმიერ ახალგაზრდას 16-დან 24 წლამდე შეუძლია გახდეს მოხალისე. მათი არჩევა ხდება პირისპირ გასაუბრებით. ახალგაზრდის ინტერესებისა და აქტიურობის მიხედვით არჩევის შემთხვევაში ისინი გახდებიან მოხალისეები და გაუწევენ ზედამხედველობას შემოსულ პროექტებს.
- შემდეგი მიღება და მოხალისეთა არჩევა როდიდან იწყება, თეკლა?
- შემდეგი სეზონი იწყება 2023 წლის სექტემბერში და მოვუწოდებთ ყველას, მიიღონ მონაწილეობა და სცადონ, გახდნენ მოხალისეები ან დაწერონ პროექტები.
მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!