რესპოდენტი: ნანა მაისურაძე
კორესპოდენტი და იდეის ავტორი: ლილე გაბრიაძე
ქალაქ ტყიბულის N-6 საჯარო სკოლა ცნობილია წარმატებული და განათლებული პიროვნებების აღზრდით. ეს ის სკოლაა, რომელმაც წლების მანძილზე გამოუშვა სანაქებო თობები. ზოგადად განათლებისა და სკოლის შესახებ გავესაუბრე სკოლის ისტორიის პედაგოგს, ქალბატონ ნანა მაისურაძეს.
–მოგესალმებით, ქალნატონო ნანა. ძალიან მაინტერესებს, როდესაც სკოლაში მასწავლებლად მოხვედით, როგორ მდგომარეობაში დაგხვდათ სასწავლებელი?
-მოგესალმები. მე-6 საჯარო სკოლა ტყიბულში ერთ-ერთ სასახელო სკოლა იყო ჩემს ბავშვობაშიც. მე თვითონაც ტყიბულიდან ვარ. ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო და იმ პერიოდშიც, როდესაც დავიწყე მასწავლებლად მუშაობა. სკოლას შემორჩენილი ჰქონდა თავისი ფუნქცია. ის იყო ერთ-ერთი სერიოზული, პასუხისმგებლობით სავსე სასწავლო დაწესებულება, არათუ ტყიბულის რაიონში, არამედ მთლიანად საქართველოს მასშტაბით.
-რა ასაკში დაიწყეთ მასწავლებლად მუშაობა?
-26 წლის ასაკში დავიწყე უკვე, როგორც სრულყოფილი თანამშრომელი, თუმცა წვრილ-წვრილი გამოცდილება მქონდა. რა თქმა უნდა, იყო რაღაც, რაც ახალგაზრდა მასწავლებელს ხვდება ხოლმე წინ.
-გყავდათ თუ არა სადამრიგებლო კლასი?
-სკოლაში მოვედი 1993 წლის დეკემბერში. იმ ისტორიის მასწავლებელს, რომელმაც სკოლა დატოვა და სხვა სკოლაში გადავიდა, ცხადია, ჰყავდა სადამრიგებლო კლასი, ამიტომ მისი სადამრიგებლო კლასი გახდა ჩემი. პირველივე დღიდან შევუდექი მათთან თანამშრომლობას.
-როგორ გახსენდებათ თქვენი სწავლების პირველი დღეები?
-ყველაზე კარგად მახსენდება, იმიტომ რომ ვიყავი აღფრთოვანებული, ვიყავი ძალიან მონდომებული, ძალიან მინდოდა მომეხიბლა ჩემი მოსწავლეები და კოლეგები, რომლებიც დამხვდნენ სკოლაში. ასე რომ, ძალიან კარგად მახსენდება ყველა თვალსაზრისით.
-რა არის განვითარების აქტუალური საკითხები?
-განვითარების აქტუალური საკითხების ჩამოთვლა არ შეიძლება, რადგან ადამიანის შესაძლებლობები არის განუსაზღვრელი და ადამიანის განვითარებაც, ასევე არის განუსაზღვრელი, თუმცა სკოლამ უნდა შეითავსოს მრავალი ფუნქცია. სკოლამ მოსწავლეებს უნდა მისცეს აკადემიური განვითარების საშუალება, სკოლამ უნარები უნდა გამოიმუშავოს, სკოლამ ზოგადი განათლება უნდა მისცეს თაობას, სკოლამ უნდა გათვალოს, რომ მოსწავლის არჩევანის, სწორი არჩევნის გაკეთების საშუალება უნდა მისცეს, რადგან მოსწავლემ იმ მეცნიერებაში უნდა მოიპოვოს თავისი კეთილდღეობა, თავისი თავი, რომელსაც საფუძველი სწორედ ამ სკოლაში ჩაეყარა. ასე რომ, ზოგადად, პრობლემები უფრო ბევრი გვაქვს, ვიდრე გაკეთებული საქმე, რატომ იცით?! იმიტომ, რომ დრო სწრაფად იცვლება და ამ ცვლილებას მოჰყვება თავისი პრობლემები. როდესაც გგონია, რომ რაღაც საქმე გააკეთე, მეორე დღეს ის აღარაფერს წარმოადგენს. ხელახლა, თითქმის ნულიდან იწყებ ყველაფერს და მითუმეტეს, რაც განვითარებას ეხება, რაც განათლებას ეხება, რაც ადამიანის შესაძლებლობებს ეხება, ეს საოცარი რამ არის.
-მადლობა გულწრფელი პასუხებისთვის და წარმატებები თქვენს პროფესიაში!
-დიდი მადლობა და წარმატებები შენც!
