Skip to content
Menu
erqvani.ge
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
    • ქალაქი ტყიბული
    • სსიპ მე-6 საჯარო სკოლა
    • თვითმმართველობის დებულება
    • რეგისტრაციის ფორმა
  • კლუბები
    • სამოქალაქო განათლების კლუბი
      • სამოქალაქო
      • ეკოლოგია
    • მეცნიერების კლუბი
      • მათემატიკა
      • ფიზიკა
      • ქიმია
      • კომპიუტერული მეცნიერებები
      • ისტორია
      • ბიოლოგია
    • სპორტის კლუბი
    • სოციალური მედიის კლუბი
    • კულტურის კლუბი
      • ქორეოგრაფია
      • ფერწერა
      • მუსიკა
    • დებატკლუბი
    • წიგნის კლუბი
    • ბიზნეს კლუბი
    • საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი
  • გაზეთი “ერქვანი”
    • მეცნიერება და სამოქალაქო განათლება
    • სპორტი და კულტურა
    • მსოფლიო ამბები
    • სხვადასხვა
  • ბლოგი
  • ფოტო/ვიდეო გალერია
    • Video
erqvani.ge

ჩემი საყვარელი პერსონაჟი

Posted on March 29, 2023March 29, 2023

,,მოხუცი მწყემსი: ვისურვებდი, ათიდან ოც წლამდე ასაკი არ არსებობდეს, ან ყმაწვილებს მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძინოთ; თორემ რა გამოდის, სწორედ ამ წლებში სხვა საქმე არა აქვთ გარდა… მოხუცების შეურაცხყოფის, ქურდობისა და ჩხუბის…“ უილიამ შექსპირი, ,,ზამთრის ზღაპარი“. თავქარიანობისა და თვითნებობის ზღვარზე მდგარი, გზააბნეული ყმაწვილებისთვის თავისუფლება ძალაუფლებით ტკბობაა, ძალაუფლებით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის თავისუფალი ნება. ვაჟებს თითქოს მემკვიდრეობით გადაეცემათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი და დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება მათი ეგოს ,,უკანონო გამოკვების“ მექანიზმები. ენტონი ბერჯესი დისტოპიურ რომანში ,,მექანიკური ფორთოხალი“ ზედმიწევნით აღწერს მთავარი გმირის ძალადობის მოტივებს, სიამეებს, გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებსაც კი… და მაინც, რატომ ალექსი?

საოცარი და შეუდარებელია თანატოლის გონებაში ცხოვრება მაშინ, როდესაც ვერავინ ახერხებს მის თავში შეღწევას. ალექსი ყველაფრის თავი და თავია. მხოლოდ მას შეუძლია უფროსობა იკისროს, ,,ნაზი ღამე“ იმპულსურად დაგეგმოს და რომანტიზირების ხანძარი გაუჩინოს ბერჯესისეულ სუბკულტურას.

ირონიულია – ყველა რევოლუციური პერსონაჟი მიირთმევს რძეს. ალექსისეული თეთრი და რძისფერი გამოხატავს არა სისპეტაკესა და სიწმინდეს, არამედ მშვენიერ ფონს ჩირქის მოსაცხებად, დასაბინძურებლად და ამის სადემონსტრაციოდ.

ახალგაზრდების მოხუცებისადმი დამოკიდებულება, აკადემიური განათლების უგულებელყოფა, ადრეულ ასაკში ცხოვრებისეული შეხედულებების ჩამოყალიბება – ეს ყველაფერი 15 წლის ალექსისთვის თითქოს უკვე წარსულია. მის მიერ ჩადენილი დანაშაულები არა უბრალო კანონდარღვევა, არამედ ხელოვნების ,,არატრადიციული“ მიმდინარეობაა. შეუძლებელია დაეჭვდეთ ალექსის სიწრფელეში. მისი თავდაჯერება და სარკაზმი იმდენად სინთეზური, შერწყმული და დამატყვევებელია, წამშივე მსმენლად გაქცევთ. ალექსი სიტყვის ხელოვნების დიდოსტატია.

ბოროტი სულის ხმებს აყოლილი და დისტოპიური სამყაროს ჯებირებს მორგებული ალექსისთვის რწმენაც, იმედიც, სიამოვნებაც, ღმერთიცა და სიყვარულიც მხოლოდ ერთია – მუსიკა. მთელი ღამის ქალაქმოვლილსა და დიდებამოხვეჭილს, ძალადობის ამინდის პროგნოზირების მიუხედავად, ოთახის კარის შეღებისთანავე ეცხადება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრეს ზმანება… შეუდარებელი და გასაოცარია მისი ლირიკული სამყაროს ქაოტური წესრიგი, თითქოს მისი სიცოცხლეა კლასიკური მუსიკის ფონი და არა პირიქით.

სასაცილო და, ამავდროულად, საშიშია ალექსის ორგვარი ბუნება. თითქოს მასში ცხოვრობს ზრდასრული პიროვნება, რომელმაც შეიცნო ამ წუთისოფლის ამაოება, სიცრუე, სისასტიკე და საბოლოოდ დაკარგა ჰუმანურობა, განცდილი სასოწარკვეთილება და იმედგაცრუება კი შეუჩერებელ ბოროტ ძალად აქცია.  მეორე მხრივ კი, ალექსი ბავშვია, რომელსაც ეჯავრება სკოლა, დადგენილი წესები, დაკარგული თავისუფლება და ჯიუტად ეურჩება ბედს. მუდმივად იბრძვის ეს ორი პიროვნება და, ვფიქრობ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი თემის აქტუალურობისა. შეუძლებელია ვეცნობოდეთ ალექსის აზრებს, ყოველდღიურობას და ვერ ვხედავდეთ მასში ნაცნობებს, ახლობლებს, თანატოლებს… ვერ ამოვიცნოთ ,,დიდობის“ დაუოკებელი სურვილი. საზოგადოებრივი დამოკიდებულებების, პოლიტიკური მდგომარეობისა და ადამიანთაშორის ურთიერთობების გამო ალექსი კარგავს შესაძლებლობას – ღვთის მიერ ბოძებული თავისუფალი ნება სასიკეთოდ გამოიყენოს და არ გაერიოს ბრბოში, რომელიც მუდმივად უკმაყოფილოა. რატომ ალექსი? იმიტომ რომ, აღნიშნული თავისუფალი ნების დაკარგვის შემდეგ, ბედის ირონიისა და კარმული ბუმერანგების გადატანის შემდეგ, პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ ალექსი პოულობს შუქურას, ნათელ წერტილს, კეთილ სურვილს დაეუფლოს ღვთიურ გრძნობას – სიყვარულს. ცხოვრების თავდაყირა დაყენების, ზნე-ჩვეულებების გამოცვლისა და ბრბოსთან დაპირისპირების საშიშროებას ყურსაც არ უგდებს და ზედაპირული შეურაცხყოფების მიუხედავად, წარსულში გვტოვებს ძალადობის შემსწრეებს. ალექსი იზრდება. თითქოს თავიდან იცილებს იმ ზრდასრულ, ნიჰილისტ ბოროტს და ზრდის მასში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარულ, ჯიუტ ბავშვს. შეუფასებელია ალექსისა და მისი ალტერეგოს უსასოო ჭიდილი. და სიამაყით შემიძლია ვთქვა – ალექსი იმარჯვებს. უამრავი კრიტიკოსისთვის ბერჯესის ეს დასასრული მიუღებელია. ისინი ალექსს ახალგაზრდობის იმ ქარბუქში ტოვებენ უპატრონოდ, საიდან გამოღწევის შანსსაც ყველა იმსახურებს. ჩემი აზრით, შესაძლებელია ადამიანის გონების წამში გადატრიალება შთაგონების წყაროს პოვნის შემთხვევაში. ყველაფერი წარმავალია, მათ შორის, ყმაწვილკაცობის სისხლიანი დღეებიც… ზუსტად ეს იმპულსურობა, მოულოდნელად, კლდის ნაპირიდან მთავარი მაგისტრალისკენ გზის გაკვალვის სურვილი აქცევს ალექსს ჩემს საყვარელ პერსონაჟად. მასში მცხოვრები დაუნებებელი, ბრძენი, მეამბოხე ბავშვი მისახავს იმედს რეალობის მწყობრში ჩაყენებისა…

სამწუხაროა, რომ სტენლი კუბრიკის მიერ შესრულებული ნაწარმოების ეკრანიზაცია ალექსს არ აძლევს უფლებას გაიზარდოს. რეჟისორი იმ სიბნელესა და უმეცრებაში ტოვებს პერსონაჟს, რომლის რაობა არც კი ესმოდა. მიმაჩნია, რომ სტენლი კუბრიკი ,,მექანიკური ფორთოხლის“ დაწერის მოტივს, თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობას ადამიანისთვის, აუფასურებს და არაფრად აგდებს. თავად მწერალი, ენტონი ბერჯესი ამბობს: ,,შემიძლია ვთქვა, რომ ფილმი ჩემი რომანის ახალი ვერსიაა, და არა უბრალო ინტერპრეტაცია… ფილოსოფიური და თეოლოგიური თვალსაზრისით, სტენლი კუბრიკის ფილმი ჩემი ხის ნაყოფია.“

,,ახალგაზრდობა ქრება, ძმებო, ზმანებასავით. ახალგაზრდა თითქოს ცხოველს გავხარ, მარტო იმას აკეთებ, რასაც ბუნება გკარნახობს… არა, ეს უფრო იმას გავს, მექანიკურ, დასაქოქ კაცუნებს რომ იყიდი და იატაკზე რომ გაუშვებ და მიდის, მიდის, სანამ რაღაცას არ შეეჯახება, მერე კი ისევ და ისევ, და მხრის აქცევა არ შეუძლია.“ მიხარია, რომ ალექსის გაურკვეველი ბედი ასე დასრულდა. მისი ახალგაზრდობა და უეცარი ევოლუცია მარწმუნებს და იმედს მაძლევს, რომ გავზრდით საკუთარ თავში მცხოვრებ ბავშვებს, არ მოვუსმენთ ბნელ ხმებს ცნობიერიდან და მივენდობით ქვეცნობიერ ინსტიქტებსა თუ ფიქრებს, რომლებიც აუცილებლად მიგვიყვანენ ჭეშმარიტებამდე – სიყვარულამდე…

მარიამ საკანდელიძე

Leave a Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

უახლესი სტატიები

  • თამაშით გამარჯვებამდეMarch 25, 2025
  • ადგილი, სადაც ცოდნა და მეგობრობა ერთად იბადებაMarch 7, 2025
  • მედიაწიგნიერება: ინფორმაციაზე კონტროლის აუცილებლობაNovember 13, 2024
  • სპორტული ოლიმპიადა!!April 24, 2023
  • 14 აპრილიApril 15, 2023

არქივი

  • 2025 (2)
  • 2024 (1)
  • 2023 (12)

კატეგორიები

  • მეცნიერება და სამოქალაქო განათლება (3)
  • სოციალური მეცნიერებები (1)
  • სპორტი და კულტურა (6)
  • სხვადასხვა (8)
  • ფოტო/ვიდეო გალერია (1)
სსიპ ქალაქ ტყიბულის #6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები

ელექტრონული ფოსტა: Tkibuli6@mes.gov.ge

ნომერი: (497)22-28-15

მისამართი: თაყაიშვილის ქუჩა N1, ქალაქი ტყიბული, საქართველო

გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება

როგორ შეაფასებდით ჩვენ ვებ გვერდს (erqvani.ge)(სავალდებულო)

©2025 erqvani.ge | WordPress Theme by Superbthemes.com