2023 წლის 29 მარტს, წყალტუბოში ჩატარდა შეჯიბრი ხელბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ტყიბულის N-6 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა. ჩემპიონათში გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გავესაუბრეთ ხელბურთის გუნდის წევრს, მე-8 კლასელ ნია გოგლიძეს.
-მოგესალმები, ნია.
-გამარჯობა.
-როგორც ვიცი, ხელბურთის გუნდში ახალი გაწევრიანებული ხართ და გამარჯვებაც მალევე მოიპოვეთ. რას იტყვით შედეგზე, რომელსაც მიაღწიეთ?
-ხელბურთის შეჯიბრზე მიღებული შედეგით კმაყოფილი და ამაყი ვარ, მართალია, უკეთესი იქნებოდა პირველი ადგილი დაგვეკავებინა, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი გამარჯვებაა. თანაც, ხელბურთის თამაში ახლახანს დავიწყე.
-რამდენად მოტივირებული ხართ მომდევნო თამაშებისათვის?
-შემდეგი თამაშებისთვის რა საკვირველია, ვაპირებ, გავაუმჯობესო ჩემი შესაძლებლობები და შესაბამისად, მოტივაცია და შემართება მეტია. ცხადია, არ დავჯერდები ამჟამინდელ შედეგებს და ვიშრომებ იმისათვის, რომ გუნდმა მეტს მიაღწიოს.
-როგორი გრძნობა იყო თამაში უამრავი ადამიანის წინაშე, ამდენი თქვენკენ მოპყრობილი თვალის პირისპირ?
-არ მიყვარს, როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ, ამიტომ ვცდილობ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას თავი ავარიდო, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება არც კი გამიმახვილებია სპორტდარბაზში მყოფთათვის, რადგან კონცენტრირებული ვიყავი მხოლოდ თამაშზე და არაფერ სხვაზე.
-რატომ აირჩიეთ თქვენს სპორტად ხელბურთი?
-ვერ ვიტყვი, რომ ხელბურთი ჩემი სპორტია. უბრალოდ, მინდოდა ჩემი თავი ახალ სფეროში გამომეცადა, რადგან მიყვარს გამოწვევების მიღება. თავიდან, როდესაც თამაში დავიწყე, ცხადია, არ გამომდიოდა, თუმცა არ დავნებდი, არ გავჩერდი შუა გზაზე და განვაგრძე ვარჯიში. რა თქმა უნდა, ხელბურთის გუნდელთა გაცნობამ უდიდესი გავლენა მოახდინა და მათთან თამაშის სურვილი გამიმძაფრა. მასწავლებელიც ხელს გვიწყობდა და გვამხნევებდა თამაშების წინ. ამ ყველაფერმა უფრო მეტად მომანდომა თამაში და, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ვნებდები ხელბურთს. ჩემი აზრით, გუნდის ერთიანობამ და საერთო გამარჯვებისაკენ ლტოლვამ დაგვადებინა ის შედეგი, რომლის გამოც ახლა აქ ვარ.
-იყო, თუ არა ვინმე, ვინც ამ სპორტისკენ გიბიძგათ?
-ალბათ, იმიტომ დამაინტერესა ამ სპორტმა, რომ ადრე ერთ-ერთი ჩემი ოჯახის წევრიც თამაშობდა ხელბურთის გუნდში. დამაინტერესა, იქნებ მეც გამომივიდეს და ვითამაშო ისე კარგად და შეუპოვრად, როგორც ჩემი ოჯახის წევრი თამაშობდა-თქო. რა თქმა უნდა, იმ შედეგამდე ბევრი მაკლია, თუმცა თამაშის გაგრძელებას ვაპირებ.
-ძალიან დიდი მადლობა სრული პასუხებისთვის. წარმატებას გისურვებთ მომდევნო შეჯიბრებზე.
-მადლობა და ნახვამდის.
კორესპოდენტი და იდეის ავტორი: ლილე გაბრიაძე