14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა.
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა რუსული ენა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.
ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა უამრავი ქართველი. დაიწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. მდგომარეობა უმართავი ხდებოდა, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო – სისხლისღვრა ან დათმობა. მოსკოვი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
სკოლებში ამ დღეს ტარდება უამრავი ღონისძიება, კონცერტები, იხსენებენ პირველი ,,დედაენის“ ავტორს, მეტ ინფორმაციას იგებენ მშობლიურ ენაზე.
მსგავსი ღონისძიება გამართეს სსიპ ქ. ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელი ცირა კუბლაშვილი. ახალგაზრდებმა პედაგოგების დახმარებით, თვალნათლივ წარმოგვიდგინეს ქართული ენის მრავალწლიანი ისტორია. შეეხნენ სხვადასხვა თემებს, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, წმინდა ლაზარეს, აგრეთვე ისაუბრეს საინტერესო ფაქტებზე ჩვენი დამწერლობის შესახებ.
საბოლოოდ ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვებმა დაძლიეს მღელვარება და ამაყად წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.
