სკოლის შემდეგ, თითოეული ჩვენგანის საფეხური უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, ცოდნის შეძენა და მისი განმტკიცებაა. უნივერსიტეტში სწავლისას ცხოვრება თითქოს ახალი ფურცლიდან იწყება, რადგან იძენ უამრავ მეგობარს, ყოველთვის ახალი საკითხის სწავლის პროცესში ხარ, გიწევს უამრავი სახალისო აქტივობის გაკეთება შენს მეგობრებთან ერთად, ცხოვრობ საერთო საცხოვრებელში, სადაც ყოველი დღე დაუვიწყარია, რადგან მუდამ მხიარულობ ახლო ადამიანებთან ერთად. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისმენ საინტერესო ლექციებს, რომლის მიხედვითაც საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად სახალისო დავალებების შესრულება გიწევს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, მოეწყო საბავშვო უნივერსიტეტი, სადაც დასწრებას შეძლებდნენ სკოლის მოსწავლეები. ჩემი აზრით, ეს მშვენიერი იდეაა, რადგან მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ უნივერსიტეტზე, ლექციებზე და იქ სწავლებაზე. ცხადია, ქ. ტყიბულის სკოლებიდანაც წავიდნენ მოსწავლეები, რომლებმაც არაჩვეულებრივი დრო გაატარეს. მათ შორის იყო N6 საჯარო სკოლაც. 2025 წლის ლექცია, რომელიც 7 აპრილს მოვისმინეთ, ძირითადად ეხებოდა თემას: “როგორ ფიქრობს თქვენი ტელეფონი?”, სადაც ვისწავლეთ, თუ როგორ რეაგირებს ტელეფონი ჩვენს მიერ გაცემულ ბრძანებებზე, სიტყვებსა და ასო-ბგერებზე. პირადად ჩემთვის, დღე, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველად ვიყავი, აუცილებლად ჩაიბეჭდება ჩემს გონებაში სამუდამოდ, რადგან დავესწარი შემეცნებით ლექციებს და მოვისმინე ისეთი ფაქტები, რაც არ ვიცოდი. შესაბამისად, ამ ყოველივემ ეს დღე უნიკალური გახადა.
