1960 წელს სამინისტრომ დაამტკიცა სტანდარტული პროექტი ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია N6 საჯარო სკოლის სახელს ატარებს.
ქალაქის ხელმძღვანელობა ცდილობდა , რომ ახალი, 1962-63 სასწავლო წლისათვის, სკოლის მშენებლობა დამთავრებულიყო.
1962 წლის 1 სექტემბრისათვის ახალი სკოლის შენობის ექსპლუატაციაში გადაცემა და მისი გახსნა ვერ მოხერხდა, მაგრამ, როგორც ცნობილია , ქალაქის ხელმძღვანელობა არ დაელოდა ახალი სკოლის მშენებლობის დამთავრებას და N6 საშუალო სკოლა დროებით პროფსასწავლებლის შენობაში მოთავსდა. სკოლის დირექტორად კი ქალბატონი რუჟანა მხეცაძე დაინიშნა.
1962 წლის 27 სექტემბერს ტყიბულის N6 საშუალო სკოლა გაიხსნა და ამ დღიდან დაიწყო მისი ისტორია.
სკოლამ დროებით შენობაში მხოლოდ ერთი წელიწადი დაჰყო.
სკოლის მშენებლობა სამ წელიწადს გრძელდებოდა. დაიწყო 1960 წელს და 1963 წელს დამთავრდა. თუმცა, როგროც ირკვევა, ექსპლუატაციაში ოფიციალურად მხოლოდ წლის ბოლოს, 1963 წლის 30 დეკემბერს შევიდა.
ახალ, 1963-1964 სასწავლო წლის 1 სექტემბერს სკოლამ ახალმოსახლეობა იზეიმა. სკოლის ოთხსართულიანი კეთილმოწყობილი ტიპური შენობა თავისი დამხმარე ნაგებობებით, ცენტრალური გათბობით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, ფართო, ნათელი საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სააქტო და სპორტული დარბაზებით, სასწავლო სახელოსნოთი განათლების სისტემის მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებდა.
თვითდამკვიდრება და ავტორიტეტის მოპოვება ძალიან ძნელი იყო, რადგან მაშინ ქალაქის სკოლებს ხელმძღვანელობდნენ განათლების დარგის ისეთი წარმატებული მუშაკები, როგორებიც იყვნენ ბატონები: პავლე კუბლაშვილი, ამბროსი ბოჭორიშვილი, ზაალ გაბრიჭიძე, დავით მარუაშვილი, კოტე ბრეგაძე.
თავისი არსებობის პირველივე დღიდან N6 საშუალო სკოლა ჩადგა ტყიბულის სკოლებს შორის და 60 წლის განმავლობაში წარმატებული სკოლის სახელს ატარებს. N6 საშუალო სკოლაში თავი მოიყარა ქალაქის პედაგოგიური საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლობამ. როგროც ზემოთ აღვნიშნეთ, სკოლას სათავეში ნიჭიერი ქალბატონი რუჟანა მხეცაძე ჩაუდგა, მის მოადგილეებად ბატონები ვახტანგ ტურძილაძე და ლევან გოლოძე დაინიშნენ.
1963-1964 სასწავლო წელს სკოლის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებმა თინათინ ჩიტიძემ და დოდონა გიორგაძემ წარჩინებული სწავლისათვის მედლები დაიმსახურეს.
სკოლის პირველი გამოშვება ფეხბედნიერი გამოდგა, კურსდამთავრებულთა უმეტესობა ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.
სასწავლო პროცესი და აღმზრდელობითი მუშაობა კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და მიზანმიმართული გახდა.
სასწავლო პროცესის პარალელურად დაიხვეწა კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების მიზნით, შეიქმნა მომღერალთა და მოცეკვავეთა ანსამბლები, საგნობრივი, შემოქმედებითი წრეები და სპორტული სექციები.
სკოლის ავტორიტეტი დღითიდღე მტკიცდებოდა, რამაც მშობელთა ინტერესი გამოიწვია. გაიზარდა სკოლაში სწავლის მსურველთა რიცხვი. მოსწავლეთა რაოდენობამ 900-ს მიაღწია.
80-იან წლებში სკოლის მუშაობა საინტერსო გახდა, დაინერგა სწავლების ახალი ფორმები და მეთოდები. სწავლის ხარისხის მაჩვენებელმა იმატა, მოსწავლეთა 70%-ზე მეტი ფრიადოსანი და კარგოსანი გახდა. უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ კურსდამთავრებულთა პროცენტული რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
90-იან წლებში იდეის დონეზე გადაწყდა სკოლის გიმნაზიურ სწავლებაზე გადასვლა, რასაც საფუძვლად გერმანული მოდელი დაედო.
სკოლას 1994 წელს ,,სკოლა-გიმნაზია’’ ეწოდა. კონკურსის წესით დადგინდა საუკეთესო მოსწავლეები და ამის საფუძველზე შეიქმნა პირველი გიმნაზიური კლასი.
ამაღლდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა დისციპლინა, რაც თანდათან მუდმივი მოთხოვნების პირობებში ჩვევად გადაიქცა. დისციპლინის განმტკიცებამ, გიმნაზიური სწავლების დანერგვამ დიდი წარმატებები მოუტანა სკოლას. სკოლა-გიმნაზიისადმი საზოგადოების ნდობა საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ მშობლებს ბავშვები არა მარტო სკოლის სამოქმედო მიკრორაიონიდან მოჰყავდათ, არამედ ქალაქის სხვადასხვა უბნიდანაც.
2002 წელს სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიები ინერგება და სკოლა კვლავ განაგრძნობს განვითარებას.
განათლების მინისტრის 2007 წლის აპრილის ბრძანებულებით, რესპუბლიკაში სკოლების რესტრუქტურიზაცია დაიწყო. N6 საჯარო სკოლა ახალი კანონმდებლობით გადადის მართვის ახალ სისტემაზე, შეიქმნა სამეურვეო საბჭო, სკოლის დებულება, შინაგანაწესი.
დღესდღეობით სკოლა ფეხს უწყობს ახალ-ახალ გამოწვევებსა და რეფორმებს და ორიენტირებულია პროგრესსა და მოსწავლეებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.
სკოლას ჰყავს 18 უფროსი, 8 წამყვანი, 2 პრაქტიკოსი და 1 მენტორი მასწავლებელი.